ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე შსს-ს მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, დემეტრე რევაზაშვილი. შემთხვევა 29 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ატენში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, დემეტრე რევაზაშვილმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საგამოძიებო უწყება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფ ერთ პირს ეძებს – მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.