თბილისის საქალაქო სასამართლო „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრის, გიორგი ჭელიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ადვოკატ ბესარიონ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განცხადებით, ჭელიძის სახლიდან არასაბრძოლო ვაზნები ამოიღეს. სახლიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი კი მის სახელზეა რეგისტრირებული.
ბრალდებულს პროცესზე ხუთი ადვოკატი იცავს. ადვოკატები ჭელიძის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ. შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს.
პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.