გიორგი ჭელიძის ადვოკატების განცხადება

ადვოკატის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადვოკატის საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლა და ნეგატიური ტენდენცია – ასე აფასებენ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის ადვოკატები მათ მიმართ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

ჭელიძის ადვოკატები  17 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან, რა დროსაც მოსამართლემ 14 ადვოკატიდან 4 სასამართლოს დარბაზიდან გააძევა, ერთი კი დააჯარიმა.

ადვოკატ გელა ტყეშელაშვილის თქმით, მსგავს ქმედებებს ინტენსიური ხასიათი აქვს და მოსამართლე ქეთი ჯაჭვაძეს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს. მათ პოზიციას იზიარებს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანიც.

ბრალდებულის დამცველები ითხოვენ, ჭელიძის საქმის განმხილველი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თანამდებობიდან და შეწყდეს ადვოკატთა მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

გიორგი ჭელიძის დამცველებმა მოსამართლის წინააღმდეგ განცხადება დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სახელზეც შეიტანეს.