საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება

საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება, რომელიც ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობას შეაფასებს. კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას. ბავშვების სისხლში ტყვიის დასადგენად, კვლევაში 2-7 წლის 1500-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მონაწილეებს უფასო კონსულტაციას გაუწევს.

კვლევას სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ჩაატარებს. მონაცემების შეგროვების საველე სამუშაოები 20 სექტემბერს დაიწყება და 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კვლევა 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში, თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდება.

შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.