საქართველოს პირველი ტელევიზია იუბილარია. ზუსტად 66 წლის წინ, 1956 წლის 30 დეკემბერს, ფუნიკულიორზე, მთაწმინდის ანძასთან, სადიქტორო სამაკეტო სტუდიიდან, ქვეყნის ისტორიაში პირველ პირდაპირ ეთერს ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი უძღვებოდნენ. ცისფერი ეკრანი ზუსტად 20:00 საათზე აინთო. ტელეხედვის სტუდია თავდაპირველად დღეგამოშვებით მაუწყებლობდა. ათი წლის შემდეგ, ტელევიზია ახალ მისამართზე, ანუ არსებულ შენობაში, კოსტავას 68-ში გადმოვიდა. გაიზარდა მასშტაბები და დაფარვის არეალიც. საინფორმაციო სამსახური არხზე გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. „უკანასკნელ ამბებს“ სახელწოდება 1968 წელს შეეცვალა და „მოამბე“ დაერქვა.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლას აერთიანებს, მორგებულია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე და ქვეყანაში ყველაზე სანდო, დაბალანსებულ და უსაფრთხო მედიას წარმოადგენს.