საქართველოს პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს
საქართველოს პირველმა არხმა მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შენობის პროექტი საჩუქრად გადასცა. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს კიშინიოვში მოეწერა. მემორანდუმის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოლდოვის მაუწყებელს უსასყიდლოდ გადასცემს ტელევიზიის მიერ მიერ თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას 31-ში ასაშენებელი ახალი შენობის საჯარო კონკურსის და შემდგომში საჯარო ტენდერის ფარგლებში შესყიდულ არქიტექტურულ და მის თანმდევ პროექტს, რომელსაც მოლდოვის მაუწყებელი ადაპტირებული სახით გამოიყენებს. მემორანდუმი თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებითაც ითვალისწინებს: დოკუმენტური ფილმების, პროგრამების, ქვეყნების გეოგრაფიის, ენისა და კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების ამსახველი მედიაპროდუქტების გაცნობა და გავრცელება, მედიაპროექტების ერთობლივი წარმოება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. მათ შორის, მედიამასალების დაარქივების სფეროში სპეციალისტების მომზადების თანამედროვე ფორმების დანერგვაში დახმარება, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და სასწავლო კურსებისა და სემინარების ჩატარება.