უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მანქანა, რომელშიც რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს.
ავტომობილს ახლა ექსპერტიზა უტარდება. მანქანა დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იდგა, რის გამოც მისი დათვალიერება ვერ ხერხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალის მცხოვრებლებს – თამაზ გინტურს და ლევან დათიაშვილს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ისინი ლომისას წმინდა გიორგის სალოცავზე ასვლის და სანთლის დანთების შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ. როგორც ირკვევა, ადგილზე იმყოფებოდა კირბალის კიდევ ერთი მკვიდრი, რომელმაც ოჯახის ინფორმაციით, ტერიტორია რუსი ოკუპანტების თავდასხმამდე დატოვა. ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება ლევან დათიაშვილი, რომლის გადმოცემის მოთხოვნით არაღიარებულ რეჟიმს ოფიციალურ თბილისთან ერთად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც არაერთხელ მიმართეს.