საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გავრცელდა. ილია მეორე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციამ ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეის ფუნქცია შეასრულა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

“საქართველოს ეკლესია როგორც მეოცე საუკუნეში, ისე თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც საქართველოს მთელმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის სუბიექტად მის გახდომას, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ 2002 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება დადო. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მსგავსი იურიდიული ძალის მქონე სხვადასხვა ხელშეკრულება ევროპის არაერთ ქვეყანაშია გაფორმებული, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველო ამ მხრივ არის გამორჩეული და ეს ჩვენი საკონსტიტუციო სივრცისთვის დამახასიათებელ ფაქტს წარმოადგენს. ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა“ – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

მოამბე