დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.
1977 წლის 23 დეკემბერს სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია. ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლის და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება. ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმიდა სამება. უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი.