საქართველო-ევროკავშირის დამაკავშირებელი შავი ზღვის ელექტროსადენი

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც საქართველო ენერგეტიკულ ჰაბად უნდა აქციოს.

რუმინეთში ორი დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტის თანდასწრებით ხელმოწერილი შეთანხმება მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის დასაწყისია. გაუარესებული უსაფრთხოების და ევროპის მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი – ოთხ ქვეყანას შორის ენერგეტიკული შეთანხმება შავი ზღვის ფსკერზე ელექტროსადენის გაყვანას გულისხმობს, რომელმაც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოს გავლით რუმინეთს და შემდეგ მთელ ევროპას უნდა მიაწოდოს. მასშტაბური პროექტი ჯერ კვლევების ეტაპზეა, რომლის დასრულებისთანავე, მომავალ წელს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. შავი ზღვის ელექტროსადენის მიმართ ევროკავშირის ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც უკრაინის ომის და რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოყენების ფონზე ევროპამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გზების ძიება დაიწყო. ბრიუსელიდან დაფინანსების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.