საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან გელათში დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება, აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. გელათის საკათედრო ტაძარში კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. დღევანდელი პოზიციათა სხვაობა კი 2021 წლის ზაფხულში გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას უკავშირდება.
„ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას. საჭიროა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივი რესტავრატორების ჯგუფთან. თხოვნით მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებსა და ტელევიზიებს, თანაბრად ყველას, ნუ ვიქნებით მიკერძოებულები და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს“, – ნათქვამია განცხადებაში.