საკონსერვაციო სამუშაოები გელათში

გელათის სამონასტრო კომპლექსი კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

არასწორად ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების და არასწორი გადახურვის შედეგად დაზიანებულ ფრესკებზე ბაქტერიებიც დააფიქსირეს. სავარაუდო ბაქტერიული და სოკოვანი წარმონაქმნები იმ ჯგუფმა გამოავლინა, რომელიც ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციაზე უცხოელი ექსპერტების ხელმძღვანელობით მუშაობს. ბოლო წლებში ჩატარებულ სამუშაოებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მძიმე შეფასებების და დასკვნების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესი კულტურის სამინისტროდან საპატრიარქომ გადაიბარა. სწორედ საპატრიარქოს მიერ შექმნილი ჯგუფების ზედამხედველობით ახლა სამონასტრო კომპლექსის ახალი სარესტავრაციო პროექტი მზადდება, რისთვისაც ჯერ სპეციალური კვლევები ტარდება.