საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი 

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმის ოჯახი რეაგირებისთვის გაეროს მიმართავს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ორგანიზაციას სთხოვს, უკანონოდ დაკავებული ტრავმატოლოგის საქმეზე საქართველოში სპეციალური კომისარი გამოგზავნოს. საპატიმრო პირობებთან დაკავშირებით ოჯახი ინფორმაციულ ვაკუუმშია. მცდელობის და სურვილის მიუხედავად, წითელი ჯვრის წარმომადგენლები უკვე ერთი კვირაა, პატიმრის მონახულებას ვერ ახერხებენ. გაურკვეველია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის გათავისუფლების თარიღიც. გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები გააქტიურებას სთხოვენ საგარეო უწყებასაც, სადაც ამბობენ, რომ დაკავებულის უსაფრთხოებისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმია ამოქმედებული.

ოფიციალური თბილისის და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველდღიური მოწოდებების ფონზე საოკუპაციო რეჟიმი ამ ეტაპზე დუმს.