სამუშაო ჯგუფები - ოპოზიციის სტრატეგია

როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მე-12 რეკომენდაცია და რა ფორმით მოხდება სახალხო დამცველის არჩევა – ამ საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ დისკუსია გახსნა. გაიმართა შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ესწრებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ დღეს დილით გიორგი ვაშაძის გუნდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა დაანონსდა, მოგვიანებით, „ლელოში“ გამართული კონსულტაციების შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ. სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, ხვალ „ქართული ოცნება“ საკუთარი ხედვის წარდგენას აპირებს, თუმცა მანამდე, მმართველი გუნდი მესამე სექტორს შეხვდება და მათ პოზიციებს მოისმენს. პროცედურის დაზუსტების შემდეგ კი კანდიდატების წარდგენა დაიწყება.