ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. საკანონმდებლო ორგანოში უკვე სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თუმცა განხილულ საკითხებზე კონსენსუსი ბოლომდე ვერ შედგა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა იყო. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის ერთადერთ გზად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. ვეთინგის სისტემის დანერგვა დაასახელა. პარტიის ინიციატივით, მოსამართლეთა საქმიანობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა უნდა შეაფასოს.

უმრავლესობა ე.წ ვეთინგ სისტემას არ ემხრობა, ქართულ მართლმსაჯულებაში უცხოელთა ჩართულობის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანი სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვებაა. აღნიშნული სისტემების დანერგვას ეწინააღმდეგება თავად ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რაზეც საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო შეხვედრებიც მიმდინარეობს.