სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ოფიციალური თბილისი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა განაცხადა, რომ ოსი ხალხის გენოციდისთვის ძებნილი 45 ადამიანიდან არჩილ ტატუნაშვილი ერთ-ერთი იყო. მისი თქმით, იგი სწორედ ამ მიზეზით დააკავეს.
ბრიფინგზე პოლიაკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს 45 მოქალაქეს შორის, ვის წინააღმდეგაც დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილია, ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
დე ფაქტო მთავრობამ ოფიციალური თბილისი ფაქტების გაყალბებასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.