თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ნანგრევებიდან 8 000ზე მეტი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს – განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა. რეჯებ ტაიპ ერდოღნმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინა. ამასთან, თურქული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოებიდან დაშავებულთა უმეტესობა უკვე გაწერეს. თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მეცხრე დღეა სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 31 600-ს აღემატება. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამჟამად სტიქიის ზონაში 238 ათასზე მეტი მაშველი მუშაობს. საგარეო უწყების მონაცემებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 77 ქვეყნის 9 400 მაშველია ჩართული. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომ მაშველებმა ჰათაის პროვინციაში ნანგრევებში ყოფნის 182 საათის შემდეგ, 13 წლის გოგონა ამოიყვანეს ცოცხალი.
რაც შეეხება თურქეთის მეზობელ სირიას, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას ქვეყანაში, ამ დროის მონაცემებით, 5 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს ცნობით, სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი აცხადებს, ეს ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა.