ხმაური იყო დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე – ოპოზიციისა და რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის ბულვარში, კომპანია „ამბასადორ ბათუმისთვის“ 341 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და 200 კვადრატული მეტრი ფართობის შენობის სარგებლობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია სასტუმრო „რადისონის“ წინ არსებულ ტერიტორიაზე. მათი განცხადებით, დაუშვებელია აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა, სანამ არ იქნება მზად ბულვარის განვითარების გეგმა.
ისინი ეჭვობენ, რომ კომპანია, რომელიც ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ კომპლექსს აშენებს, აპირებს, მიწის ნაკვეთი გააფართოვოს და სისრულეში მოიყვანოს ჩანაფიქრი, რომლითაც ბულვარში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, რაზეც მას აჭარის მთავრობამ უარი უთხრა.
მერიის წარმომადგენელი დავით კოპინაძე კი ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ბულვარში არანაირი კომპლექსის მშენებლობა არ იგეგმება. გადაწყვეტილება საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო, ოპოზიციასთან ერთად, მიწის ნაკვეთის გადაცემის წინააღმდეგი „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ჭეიშვილი იყო.