ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე

თბილისის საკრებულოში სხდომა დღესაც სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ოპოზიცია მეორე დღეა დედაქალაქში დაგეგმილ მშენებლობებს აპროტესტებს და თბილისის მერიას ქალაქის ქაოტური განაშენიანების გამო აკრიტიკებს. ოპონენტების განსაკუთრებულ შეშფოთებას „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობა იწვევს. ოპოზიციის განცხადებით, თბილისში საკმაოდ ბევრი მეწყერსაშიში ზონა არსებობს და მსგავსი პროექტების განხორციელება დაუშვებელია. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით, საკრებულოს უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპონენტებს წარსულიც შეახსენეს და თქვეს, რომ თბილისში მშენებლობები დღეს კანონის დაცვით ხორციელდება.