ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების ნაწილმა ამ ეტაპზე მუშაობა დაასრულა. დანარჩენი ნაწილი კი დასკვნით სხდომებს მომდევნო კვირას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ცნობით, იმ საკითხებზე, რომლებიც ჯგუფის ფორმატში უკვე შეთანხმდა, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება დაიწყება. ამის შემდეგ კი, ეს წინადადებები პარლამენტში დარეგისტრირდება. პარალელურად, სექტემბერშივე საკუთარი ინიციატივების რეგისტრაციას აპირებს ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელმაც მმართველი პარტიის მიერ შექმნილ კომისიებს ბოიკოტი გამოუცხადა. ხელისუფლების ოპონენტების გარკვეული ნაწილი, შეუთანხმებელი პოზიციების გამო, პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას აანონსებს. ნაწილს კი ოპტიმისტური პროგნოზი აქვს და ვარაუდობს, რომ მხარეთა შორის შესაძლოა კონსენსუსის მიღწევაც მოხერხდეს.