იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულია 15 000-ზე მეტი ადამიანი, მაშინ როდესაც ერთი დღის წინ არსებული მაჩვენებელი 12 462-ს შეადგენდა. კორონავირუსის გავრცელების მხრივ იტალიაში, ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული ვითარებაა. სწორედ ამიტომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურა ყველა კომერციული დაწესებულება, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. ამასთან ერთად, დროებით არ მუშაობენ რესტორნები და ბარები. საგანგებო ზომებს მიმართავენ სხვა ქვეყნებიც. მათ შორის არიან ნიდერლანდები, საფრანგეთი და თურქეთი, სადაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დროებით შეჩერდა. ასევე აიკრძალა რიგი ღონისძიებები. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კი ჩეხეთმა 15 ქვეყანასთან მოგზაურებისთვის საზღვარს დახურავს. დროებითი აკრძალვა იმ ქვეყნებს შეეხებათ, სადაც კორონავირუსი არის გავრცელებული. კორონავირუსთან საბრძოლველად ქალაქ ნიუ-იოკრში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც ქალაქის მერმა, ბილდე ბლასიომ განაცხადა, ამ გზით ვირუსთან ბრძოლას უფრო მარტივად შეძლებენ.
კორონავირუსი დაუდგინდა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლეს . სოფი ტრუდოს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს. როგორც ცნობილია, კანადის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფი ტრუდოს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა. თავად კანადის პრემიერ-მინისტრს კი კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა 14 დღე ის თვითიზოლაციაში დარჩება.
კორონავირუსი დაუდგინდა „არსენალის“ მთავარ მწვრთნელსაც. საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც მიკელ არტეტას ვირუსი დაუდგინდა, ლონდონის საწრთვნელი ცენტრის დახურვა გახდა საჭირო. ის პირები კი, რომლებსაც მწრთვნელთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ, უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავად მწვრთნელი კი აცხადებს, რომ სამუშაოს მაშინვე დაუბრუნდება, როგორც კი გამოჯანმრთელდება და ამის უფლებას ექიმები მისცემენ. კორონავირუსი დაუდგინდა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრსაც. ამის შესახებ პიტერ დუტონმა თავად განაცხადა. პოლიტიკოსი სამედიცინო ცენტრში განათავსეს. კორონავირუსის დიაგნოზი აქვთ მსახიო ტომ ჰენკსსა და მის მეუღლესაც. ისინი ავსტრალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, ოსკაროსანი მსახიობი ავსტრალიაში ფილმის გადაღებების ფარგლებში იმყოფებოდა.