მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი უკვე ამოქმედებულია.
ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებულ ოლქებზე დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შემდეგ ამერიკა სანქციებს უწესებს ორ მსხვილ რუსულ საფინანსო ინსტიტუტს, წყდება რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება, სასანქციო სიაში ხვდებიან რუსეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახები. ჯო ბაიდენი უკრაინის ორი ტერიტორიის ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისად აცხადებს. სანქციებს იღებს ევროკავშირიც. „შავ სიაში“ რუსეთის დუმის დეპუტატები, ასევე 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, ბანკები და თავდაცვის სექტორი ხვდებიან. მკაცრი ზომები აამოქმედა კანადამაც. პარალელურად ვაშინგტონი ბალტიის ქვეყნებში ამერიკული ძალების დამატებით ნაწილებს გზავნის. ეს საპასუხო რეაქციის მხოლოდ ნაწილია. ომის დაწყების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება მოსკოვს კიდევ უფრო მძიმე ზომებით ემუქრება.