საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საბერძნეთის ჩრდილოეთით მოხდა. თვითმფრინავი კომპანია „მერიდიანს“ ეკუთვნის, რომელიც ძირითადად ჩარტერულ რეისებს ასრულებს. კომპანიის დირექტორის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ყველა მათგანი დაღუპულია, ასევე გავრცელებული ინფორმაციით ყველა მათგანი უკრაინის მოქალაქეა. სერბეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავს 11 ტონა სერბული წარმოების საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, რომელიც ქვეყანას ბანგლადეშის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა. კომპანია ამბობს, რომ ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. კატასტროფის ადგილზე მეხანძრეები-მაშველები არიან მობილიზებულნი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიებაც.