დანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განმარტებით, ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი, 10 იანვარს, დანიურ გამოცემაში მის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით დაიბარეს. ქართული მხარის განცხადებით, პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ საუბარია დიპლომატის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
დანიის ელჩის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში.
დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში – შეფასებები