პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით კენჭს უყრის საარჩევნო რეფორმის კანონის პროექტს. დოკუმენტი შემდეგ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გაეგზავნება. თუ ამ ორგანიზაციების დასკვნა ერთი თვის განმავლობაში მომზადდა, მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ცვლილებები სამივე მოსმენით საშემოდგომო სესიის ბოლომდე დამტკიცდება. მთავარი სიახლე 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. იქ, სადაც ელექტრონული სისტემა არ იქნება, ბიულეტენებს სრულად გააციფრებენ.
ოპოზიციის ნაწილი ახალი სისტემის 70 პროცენტით ამუშავებას აპროტესტებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამომრჩეველი თანაბარ პირობებში უნდა იყოს და ელსისტემები ყველა უბანზე უნდა იყოს. პროექტის მზადებაში ჩართული საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები რეფორმას მხარს უჭერენ. ნაწილი კი ალტერნატიულ კანონპროექტს ამზადებს. ხელისუფლებას ეს პარტიები სთავაზობენ საკუთარი დოკუმენტის გაცნობას და შემდეგ ორივე დოკუმენტის გაგზავნას ვენეციის კომისიაში.