ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხი

დეოლიგარქიზაცია და საარჩევნო სისტემა – ევროკომისიის რეკომენდაციების ის ორი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელზე მომავალი კვირიდან პარლამენტი იმსჯელებს. დეოლიგარქიზაციის პირობის შესასრულებლად, სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცებულია. ცვლილებათა პაკეტს, რომელიც შვიდ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, ხვალ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ. ხვალვე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებზე განხილვის საგანი იქნება ცესკო-ს დაკომპლექტების წესიც.

ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი წევრის შესარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა და ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ახლა ჯერი ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, უმრავლესობა აცხადებს, რომ ის პარტნიორებისთვის მისაღები იქნება, რადგან დოკუმენტში ყველა საჭირო რეკომენდაცია გათვალისწინებულია.