ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიება იმართება. საღამო საბავშვო კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობენ. საახალწლო ღონისძიების პარალელურად, მერიის წინ მიმდებარე სკვერი სხვადასხვა საახალწლო აქტივობებითაა დატვირთული. ღონისძიებაზე მისული პატარების განწყობაზე კი ანიმატორები იზრუნებენ. ეწყობა საკარნავალო მსვლელობაც.
საახალწლო ღონისძიებები იმართება დუშეთის ცენტრალურ მოედანზეც, სადაც საბავშვო სივრცე და საშობაო ბაზრობაა მოწყობილი. საახალწლო სოფელში გამოფენილია ადგილობრივი ნაწარმიც. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. დღის ბოლოს კი, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება, რის შემდეგაც, მოსახლეობის განწყობაზე ჯგუფი „მგზავრები“ იზრუნებს. ღონისძიებას საზეიმო ფეიერვერკი დაასრულებს.