რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს. ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა გამოძიება დაიწყო, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმა კი გაერო-ს და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს მიმართა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები რუსეთის ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით. მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინული პოზიციების უკან დახევას ცდილობდნენ, თუმცა უკრაინა გარკვეულ ხაზებს მაინც ინარჩუნებს.