ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი კვლავ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა მას შემდეგ დატოვა, რაც დღის წესრიგში დევნილთა დაბრუნების საკითხი დადგა. მხარეებს შორის კვლავ ვერ მოხერხდა პოზიციების დაახლოება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე. გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების უზრუნველყოფას იურიდიული გაფორმებით ითხოვს. ასეთი დოკუმენტის აქტუალობა საგრძნობლად იზრდება საქართველოს ტერიტორიასა და შავ ზღვაში, შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ინტენსიური სამხედრო წვრთნის აქტივობისა და ასევე ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან რუსეთის სამშვიდობო ინიციატივების მუდმივი უგულებელყოფის გათვალისწინებით, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას აქვეყნებს საქართველოს საგარეო უწყებაც. ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდზე მწვავედ დასვა რუსეთის მიერ 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. სამინისტროში აცხადებენ, რომ დეტალურად განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა. ამასთან, ჟენევის ფორმატში, პანდემიასთან დაკავშირებით მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრაც გაიმართა.