გახსნიდან სამ დღეში რიკოთის უღელტეხილი ისევ ჩაკეტეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის მიზეზად ამჯერად მიწის მასის ჩამოშლას და ქვათაცვენის საფრთხეს ასახელებს. საუბარია ახალსოფელ-ზესტაფონის მონაკვეთზე, რის გამოც უღელტეხილზე დილიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალეს. ალტერნატიულ გზად კვლავ გომი-საჩხერე-ზესტაფონის მარშრუტია შეთავაზებული, ისიც მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის და სამგზავრო ტრანსპორტისთვის. რიკოთის ჩაკეტვას აპროტესტებენ ტრაილერების მძღოლები, რომლებიც უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი დროით არიან გაჩერებული. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ბოლო ორ კვირაში უკვე მეორედ ფერდის ნაწილი ჩამოიშალა, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.