ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, რა ბედი ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
კლინიკის ექიმების მწვავე პროტესტის და შიდა ვნებათაღელვის შემდეგ თანამშრომლებს დღეს პირველად შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც ცოტა ხნის წინ 50-წლიანი ისტორიის მქონე საავადმყოფოს დემონტაჟი დააანონსა. ზურა აზარაშვილი დღეს აღიარებს, რომ მისი განცხადების გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი არასწორი კომუნიკაციის შედეგია. შენობის სრულად დანგრევა თუ ეტაპობრივი რეაბილიტაცია – გადაწყვეტილების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კვლევის, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს ელოდება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში უწყება თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიას იძლევა.