პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის დარეგისტრირების შესახებ. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და Corner-stone-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, Corner-stone უზრუნველყოფს კონსულტაციებს საზოგადოებრივ საქმეთა და კომუნიკაციების საკითხებში. „პროგრამის მიზანი იქნება საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის დაცვის ადვოკატირება. კომპანია ჩაერთვება აქტივობებში „ფორმულას“ სახელით, რათა აცნობოს აშშ-ის საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე საკითხები. ეს მოიცავს შეხვედრებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, ურთიერთობებს მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, საზოგადოებრივი პოლიტიკისა და სავაჭრო ორგანიზაციებთან, ბიზნესლიდერებთან, დარგის ექსპერტებთან და აკადემიურ წრეებთან. ეს მიიღწევა მუდმივი კონსულტაციებით, შეხვედრების დაგეგმვით, ბრიფინგებითა და კლიენტებისთვის საინფორმაციო მასალების შემუშავება/შედგენით. აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ტელეკომპანია „ფორმულა“, Corner-stone-ს საერთო ჯამში, 420 ათასი დოლარის ოდენობით ანაზღაურებას გადაუხდის, რომელიც ოთხი ტრანშის სახით განხორციელდება. ხელშეკრულების ხანგრძლივობა 12 თვეს შეადგენს.