რაში იხარჯება „ფორმულას“ მიერ ლობისტებისთვის გადახდილი თანხა

რაში იხარჯება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტებისთვის გადახდილი თანხა – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის გასული ექვსი თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. „კორნერ სტოუნის“ ჯგუფმა ტელეკომპანიასთან კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პირები, რომლებთანაც კომპანიის წარმომადგენლები შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდნენ. მათ შორის არიან აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების თანამშრომლები, მრჩევლები, ასისტენტები, სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ამ შეხვედრების გამართვისა თუ გაგზავნილი ელექტრონული წერილების მიზნად ძირითადად დასახელებულია „საქართველოს შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“ და „განახლებული ინფორმაციის მიწოდება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ“.

ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ „კორნერ სტოუნის“ ლობისტებს კომუნიკაცია ჰქონდათ ისეთი ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლებთან, როგორებიცაა ჯეიმსთაუნის ფონდი, ბრუკინგსი, ჰადსონის ინსტიტუტი, მაკკეინის ინსტიტუტი, ჰერითეიჯის ფონდი და სხვა.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას უკავშირდება. ამავე დოკუმენტების მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.