„ყველაფერს გავაკეთებ „რუსთავი ორის“ გადასარჩენად და იმისთვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ „კურიერის“ დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს“, – ამის შესახებ „რუსთავი ორის“ 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ტელეკომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას.
ფაქტია, ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. საზოგადოებამ იცის, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც „რუსთავი 2“-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევთავაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღქმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა“,- წერს ხალვაში. ის მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული.
„სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი 2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგაყობინებთ!“,- ნათქვამია განცხადებაში.