გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასის ზრდის მიუხედავად, საქართველოში პურის გაძვირება არ მოხდება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ხორბლისა და ფქვილი მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა. ლევან სილაგავას თქმით, სუბსიდირების პროგრამის პირველი ეტაპი, რომელიც ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასის 10-ლარიან დაფინანსებას გულისხმობს, საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში ე.წ. სოციალური პური არ გაძვირდეს. თუმცა პროგრამის პირველი ეტაპი პირველ თებერვალს სრულდება. შესაბამისად, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, საჭიროა სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპისთვის, ტენდერში ცვლილებები შევიდეს და სუბსიდიის თანხა გაიზარდოს, რათა არ გაძვირდეს პური. როგორც სილაგავა განმარტავს, ხელისუფლების მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ პურზე ფასის შენარჩუნების მიზნით, სატენდერო პირობები შეცვალოს და სუბსიდიის თანხაც გაზარდოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მთავრობა შეასრულებს მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს.