უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი - შეთანხმება სტამბოლში

პირველი ნაბიჯი მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად.

თურქეთის ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, სტამბოლში შეთანხმება შედგა – უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირებას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინის პორტებში ბლოკირებული მილიონობით ტონა მარცვლეული საერთაშორისო ბაზრებზე გავა. გლობალური მნიშვნელობის დოკუმენტზე ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გაგზავნა. შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო – გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი დაეცა.