ხმაური იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში. აქუბარდიების რვასულიანმა ოჯახმა, საკუთარი სახლ-კარი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი აცხადებს, მათი კუთვნილი თხილნარი გაიჩეხა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გაჰყავთ. მისივე თქმით, შეთანხმების მიუხედავად, კომპანიას კომპენსაცია არ გადაუხდია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის იურისტი ლევან მჭედელიძე კი განმარტავს, რომ აქუბარდიების ოჯახმა კომპანიის მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარი თქვა. კომპანია სასამართლოს აღსრულების თანახმად მოქმედებს, ოჯახს კი, კომპენსაციის მიღება სასამართლოს გზით შეუძლია. დღეს დილიდან აქუბარდიების ოჯახში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. აქუბარდიების ოჯახი ამ მომენტისთვის ნათესავებთან იმყოფება.