საარჩევნო სისტემის გამო პარლამენტიდან ქუჩაში გადატანილი პროტესტი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის სიახლე არ არის.
შერეული, ანუ პროპორციულ-მაჟორიტარული წესით საქართველოს მოსახლეობა პარლამენტს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ირჩევს. ოპოზიციური ძალების მწვავე პროტესტის მიუხედავად, წლებთან ერთად იცვლებოდა პროპორციული სიით გასული დეპუტატების და მაჟორიტარების მხოლოდ თანაფარდობა, თუმცა სისტემა უცვლელად რჩებოდა. 2018 წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პარლამენტის მთლიანად პროპორციული წესით დაკომპლექტება საკონსტიტუციო დონეზე აისახა და თარიღად 2024 წელი განისაზღვრა. ახლა პოლიტიკური ძალები თარიღზე ვერ თანხმდებიან, მითუმეტეს ივნისის მოვლენების შედეგად მიღებული დაპირების შემდეგ, რომლის თანახმადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი 2020 წლისთვის გადმოიწევდა.
მრავალწლიანი პროტესტი საარჩევნო სისტემის გარშემო და წლებთან ერთად შეცვლილი პოლიტიკური შეხედულებები, – ანა ბროლაძემ გადახედა საარქივო მასალებს.