ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, – ამ მუხლით აღიძრა საქმე ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების შემდეგ მოხდა.
ტელეკომპანია პირველის დირექტორის განმარტებით, რამდენიმე პირმა ჟურნალისტს სიტყვიერი, ოპერატორს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინგა გრიგოლიას თქმით, არსებობს ამის ამსახველი ვიდეომასალაც. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე გუშინვე იმყოფებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს ის კითხვები არ მოეწონათ, რომელსაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსვამდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ინციდენტის მონაწილე პირების დროულად გამოვლენას და დასჯას მოითხოვენ.