საჩივარი ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის წინააღმდეგ

ნუკრი რობაქიძემ, რომელსაც აგრარული ბაზრის დირექტორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, საგამოძიებო უწყებებს მიმართა. ის მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ საქმე მის წინააღმდეგაც აღძრულია. შს სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება კორსანტიას წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ბაზრის დირექტორი სავარაუდოდ, დღესაც დაიკითხება. ის დღესაც ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ ფოთის აგრარულ ბაზარში მოხდა, გარე მოვაჭრეებმა, რომლებიც ადმინისტრაციას ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ, შუამდგომლობისთვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართეს. ოპოზიციის წარმომადგენელს კი, რომელიც ბაზრის დირექტორთან საქმის ვითარებაში გასარკვევად შევიდა, დირექტორი ფიზიკურად გაუსწორდა.