პრეზიდენტის განცხადება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და ინტელექტუალური უფლებების კანონებში ცვლილებები კითხვებს ბადებს, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტო. ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებასა და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება, შეიძლება, საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს. საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.

რაც შეეხება საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებს, მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის, გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ორივე მიმართულებით სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.