ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების ზრდა და ფუნქციების გაფართოება იგეგმება. იგულისხმება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის მიხედვითაც, რეგულირების სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, მოქალაქის პრეტენზიის საფუძველზე საავადმყოფო ნებისმიერ დროს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს.

ცვლილებების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს კლინიკაში შესვლისთვის არც სასამართლოს ნებართვა და არც დაწესებულების წინასწარ გაფრთხილება აღარ დასჭირდება, ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემთხვევაში, გაიზრდება ჯარიმების მოცულობაც.

ინიციატივა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების თემად იქცა საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებს. სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ბიზნესასოციაციამაც, „მარეგულირებელ კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებები ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე შესაძლოა საფრთხეებს შეიცავდეს“, – ნათქვამია განცხადებაში. ინიციატორების არგუმენტების მიხედვით, ცვლილებები ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარვეზების დროულად აღმოფხვრას. მმართველმა გუნდმა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა გადადო.