პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში - პოლიტიკური გზავნილები

ნატომდე იყო ევროკავშირი, რომელიც ქართულმა დელეგაციამ კონკრეტული მოწოდებებით და გზავნილებით დატოვა.

ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულება და პროცესის დაჩქარება მთავარი მოთხოვნაა. ბრიუსელი რეფორმებში პროგრესს ელოდება. მოწოდებაა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ჩაერთოს და პოლარიზაცია შემცირდეს. საინტერესო აქცენტები იკითხება ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დღევანდელ დოკუმენტში. ევროკავშირი კონკრეტულ სფეროებში საქართველოს მიღწევებს აღიარებს, თუმცა მეტ ძალისხმევას ითხოვს სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო კოდექსის ცვლილების დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან და ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები სხვადასხვანაირად აღიქვეს თბილისში. ოპოზიცია ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულების პროცესში პროგრესს არ ელის და პირველი საგარეო ვიზიტის ბრიუსელში დაგეგმვას ფორმალობად მიიჩნევს.