საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, თბილსი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის ათწლიანი გეგმის მიხედვით, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ორი მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც ერთი მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს. მოცემულ ეტაპზე, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან, ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს ავტობანი სამ მონაკვეთად არის დაყოფილი და ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზა შენდება. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.