ომი უკრაინაში - ახალი რეალობა მსოფლიოსთვის

24 თებერვალი მსოფლიოსთვის ახალი რეალობით გათენდა.

საერთაშორისო საზოგადოებამ ომის თავიდან აცილება ვერ მოახერხა. ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მოჰყვა. ოპერაციის დაწყებას, წინ ვლადიმერ პუტინის ვრცელი ვიდეომიმართვა უძღოდა, რომელიც მთელი მსოფლიოს მიმართ მუქარის შემცველი გზავნილებით იყო სავსე. რა არის პუტინის პროგრამა მაქსიმუმი – ლუგანსკის და დონეცკის ოლქების იმ ნაწილების ანექსიაც, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, თუ გავლენების ზონების კიდევ უფრო გაფართოება. ფაქტია, რომ სამხედრო ოპერაცია ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს გასცდა და მთელი ქვეყანა მოიცვა.

დღის ბოლოს კიევი მოსკოვს ახალი გზავნილით მიმართავს. პუტინი უკრაინის პრეზიდენტს ნეიტრალიტეტის საკითხზე მოლაპარაკებებს სთავაზობს.