ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გალში ადგილობრივი, ე.წ. მილიციის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, 43 წლის თემურ კარბაია სასტიკად სცემეს, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, თუმცა აღნიშნული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა უარყვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზის მექანიზმი.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები ოკუპაციის დროულად დასრულების აუცილებლობას კიდევ ერთხელ დასტურებს.