ოკუპირებულ გალში ე.წ. ადმინისტრაციამ საბავშვო პროექტების კონტროლი დაიწყო

ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას მითითებით, საბავშვო და ახალგაზრდული პროექტები, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, ე.წ. ადმინისტრაციასთან უნდა შეთანხმდეს – ინფორმაციას ამის შესახებ „აფნი რუ“ ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების დირექტორებთან ამ თემაზე თათბირი ნადარაიამ უკვე ჩაატარა და პროექტების შეთანხმების მიზეზი ოკუპირებული ტყვარჩელის ერთ-ერთ სკოლაში გამართულ კონცერტზე გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების წაყვანა გახდა. მაშინ კონცერტზე ნადარაიას განმარტებით, მეგრული სიმღერა შეასრულეს ბავშვებმა, რასაც სკანდალი მოყვა.

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მან ერთი პროექტი უკვე აკრძალა.

გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით კი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გამოსცა ე.წ. განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ჩინოვნიკებს ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამართულ იმ შეხვედრებზე გამგზავრება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ.