ნუცუბიძის ქუჩაზე მრავალბინიანი მეგაკომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ
ნუცუბიძის 127 ა კორპუსის მცხოვრებლები მათი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი მეგაკომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატს“ „სვეტი ნუცუბიძის“ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების დასრულება მერიამ დაავალა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, აღნიშნული სამშენებლო კომპანია კანონით დადგენილზე უფრო მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს.
ნუცუბიძის მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათი განმარტებით, სავალი გზა, სადაც მათი საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს, მეწყერსაშიშია და იქ სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა საფრთხის შემცველია.
აქციის მონაწილეებს თბილისის მერიამ დღეს წერილობითი განცხადებით უპასუხა. სადაც წერია, რომ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარება მერიის პრიორიტეტია. მშენებლობის ახალი პარამეტრები მას შემდეგ დადგინდება, რაც „ემ კვადრატის“ მიერ, განვითარების გეგმების შეთანხმება მოხდება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და ნაადრევია დასკვნების გაკეთება – ვკითხულობთ განცხადებაში.