საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
ილიას ზუროსის გუნდი დღეს იტალიაში ქალაქ ტრევიზოში გაფრინდა, სადაც 10 დღეს დაყოფს. ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატამდე შვიდ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. იტალიაში ილიას ზუროსის გუნდი ეგვიპტის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს. 12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგროს, იორდანიის და ირანის ნაკრებები ითამაშებენ. ტურნირზე დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს დღეს 18:00-დან შეეძლებათ. 17 აგვისტოს ჩვენი გუნდი იაპონიაში გაემგზავრება, 22 აგვისტოს კი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ავსტრალიის ნაკრებთან გამართავს ბოლო ამხანაგურ შეხვედრას.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეები კაპე ვერდე, სლოვენია და ვენესუელის ნაკრებები იქნებიან. თბილისის საერთაშორისო ტურნირისა და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.