რუსთაველის გამზირზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საზეიმო გახსნა გაიმართება.
მუზეუმში ბოლო 80 წლის განმავლობაში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარი გამოიფინება, რომლებსაც მუზეუმის დამფუძნებლები, კოლექციონერები გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე საოჯახო კერძო კოლექციაში 20 წელი აგროვებდნენ.
ხელოვნების ნიმუშები 1945 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მათ შორის არის აპოლონ ქუთათელაძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, სერგო ფარაჯანოვის, ჯიბსონ ხუნდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, გივი თოიძის, თენგიზ მირზაშვილის, რადიშ თორდიას, თამაზ ხუციშვილის, გოგი ჩაგელიშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები.
მუზეუმი, რომელიც სწორედ იმ ადგილას აშენდა, სადაც თავის დროზე მხატვრის სახლი იყო განთავსებული, ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მხატვრებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს. არსებულ, მუდმივ ექსპოზიციას პერიოდულად ახალი ნამუშევრებიც შეემატება.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმთან იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი, მარიკა შალიკაშვილი.